ადამიანის პაპილომავირუსი, როგორც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზი

იცოდით, რომ მსოფლიოში ყოველ 2 წუთში საშვილოსნოს ყელის კიბოთი 1 ქალი იღუპება?

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. პაპილომავირუსის 40-ზე მეტ გენოტიპს შეუძლია დააინფიციროს ქალისა და მამაკაცის სასქესო არეები, მათ შორის პენისის კანი, ვულვა (საშოს გარეთ მდებარე არე), ანუსი, საშოს, საშვილოსნოს ყელის და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი. ასევე შესაძლებელია, პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანებაც.

HPV იყოფა მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის ქვეტიპებად:

  • საშუალო და მაღალი რისკის (19 გენოტიპი): 16, 18, 26, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 53, 56, 58, 59, 66, 68, 69, 73, 82;
  • დაბალი რისკის (18 გენოტიპი): 6, 11, 40, 42, 43, 44, 54, 61, 62, 67, 70, 71, 72, 74, 81, 83, 84, 91 და სხვა.

HPV ქვეტიპები ორ ჯგუფად ერთიანდება: არაონკოგენურად და ონკოგენურად.

არაონკოგენური ქვეტიპები კანსა და გენიტალურ არეებში მეჭეჭების წარმოქმნას იწვევენ. ონკოგენურ ქვეტიპებთან კი დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის, ვულვის, საშოს, პენისის, ანუსისა და თავ-კისრის ზოგიერთი კიბო (კერძოდ, ოროფარინქსის კიბო, რომელიც მოიცავს ყელის უკანა კედელს, ენის ფუძესა და ნუშისებრ ჯირკვლებს).

როგორ შეიძლება HPV ინფექციამ კიბო გამოიწვიოს?

ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) გამოწვეული ინფექცია ახალგაზრდა, სქესობრივად აქტიურ, 25 წლამდე ასაკის ქალებშია გავრცელებული. HPV ინფექციის საშუალო ხანგრძლივობა 4-20 თვეა. 2 წლის განმავლობაში HPV-ით ინფიცირებული ადამიანების 90%-ში ვირუსი ელიმინაციას (ორგანიზმიდან გამოსვლა, განკურნება) განიცდის, რაშიც იმუნური სისტემა მონაწილეობს. დანარჩენ 10%-ში ინფექცია გრძელდება და კიბოსწინარე დაზიანებას იწვევს, რაც ინტრაეპითელური ბრტყელუჯრედოვანი დაზიანებით გამოიხატება. მაღალი რისკის HPV გენოტიპებით მუდმივი რეინფიცირება და არასათანადო იმუნური პასუხი საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მისი წინამორბედი დაზიანების განვითარების აუცილებელი წინაპირობებია. HPV 16 და 18 ქვეტიპების 70% საშვილოსნოს ყელის კიბოს უკავშირდება.

პაპილომავირუსით ინფიცირებიდან საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას 15-დან 20 წლამდე სჭირდება, ხოლო დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ქალებში  ეს ვადა 5-დან 10 წლამდე მცირდება.

აშშ-ის კიბოს საზოგადოება 30-65 წლის ქალებს რეკომენდაციას უწევს, HPV კვლევა, პაპანიკოლაუს (პაპ) ტესტთან ერთად, 5 წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ. საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის რეკომენდაციით, 25-დან 60 წლამდე ქალებისთვის (რომლებსაც სქესობრივი ცხოვრება აქვთ დაწყებული) სკრინინგისა და პაპ ტესტის ჩატარება 3-წლიანი ინტერვალითაა მიზანშეწონილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *