მამაკაცის უნაყოფობა

Y ქრომოსომის მიკროდელეცია და  მამაკაცის უნაყოფობა 

მამაკაცის უნაყოფობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი Y ქრომოსომის მიკროდელეციაა. მამაკაცს გენეტიკურად ორი სასქესო ქრომოსომა აქვს: ერთი X და ერთი —Y. Y ქრომოსომა სამ რეგიონადაა დაყოფილი: ფსევდოაუტოსომურად (PAR1 და PAR2), ჰეტეროქრომატინულად (სტრუქტურულ) და ეუქრომატინულად (ინფორმაციულ). მათ შორის ბოლო ორი MSY-ში, ანუ მამაკაცის არარეკომბინანტულ (სპეციფიკურ) რეგიონში ერთიანდება.

ფსევდოაუტოსომური რეგიონები Y ქრომოსომის დაახლოებით 5%-ს შეადგენს და მეიოზის დროს შესაძლოა, X ქრომოსომასთან რეკომბინირდეს. Y ქრომოსომის დარჩენილი 95% კი, რომელიც მამაკაცის არარეკომბინანტულ რეგიონს (MSY) წარმოადგენს, რეკომბინაციას არ განიცდის და X ქრომოსომასთან არ იკვეთება.

მამაკაცის არარეკომბინანტული რეგიონი (MSY) ცენტრომერით დაკავშირებული გრძელი და მოკლე მხარეებისგან შედგება. თავის მხრივ, მოკლე მხარი აერთიანებს SRY, ZFY/ZFX უბნებს, რომლებიც სათესლე ჯირკვლის განვითარებასა და დიფერენციაციას განსაზღვრავს. რაც შეეხება გრძელ მხარს, იგი AZFa, AZFb და AZFc უბნებს შეიცავს. სპერმატოგენეზი სწორედ AZFa უბანში იწყება, შემდეგ AZFb-ში გრძელდება და AZFc-ში სრულდება. ეს უბნები ნორმალური სპერმატოგენეზისთვისაა მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ,  სპერმატოგენეზის დარღვევის ყველაზე ხშირ გენეტიკურ ფაქტორს AZF რეგიონში არსებული დელეციები წარმოადგენს.

Y ქრომოსომის AZF რეგიონის მიკროდელეციები და მამაკაცის უნაყოფობა

არარეკომბინანტულ უბანში Y ქრომოსომის მცირე ნაწილის დელეცია, ანუ წაშლა Y ქრომოსომის  მიკროდელეციების სახელითაა ცნობილი. Y ქრომოსომის იმ ნაწილს კი, რომელიც ნორმალურ სპერმატოგენეზზეა პასუხისმგებელი, აზოოსპერმიის ფაქტორი (AZF) ჰქვია. მიკროდელეციის სახე იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რომელი უბანი აკლია Y ქრომოსომის AZF რეგიონს. მაგალითად, თუ AZF რეგიონის ყველაზე პროქსიმალური სეგმენტის ნაწილია ამოჭრილი, ეს შემთხვევა AZFa მიკროდელეციაა, თუ შუა სეგმენტის ნაწილია ამოჭრილი, მაშინ საქმე AZFb მიკროდელეციასთან გვაქვს, დისტალური ნაწილის ამოჭრა კი AZFc მიკროდელეციაზე მიგვანიშნებს.

მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევ გენეტიკურ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული Y ქრომოსომის მიკროდელეციებია. იგი ოლიგოზოოსპერმიის მქონე პაციენტების 5%-სა და აზოოსპერმიის მქონე პაციენტების 10%-ში გვხვდება. ამჟამად არსებული მონაცემებით, გლობალურად YCM-ების გავრცელება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ უნაყოფო მამაკაცებში 2%-დან 24%-მდე მერყეობს.

აშშ-ის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის (ASMR) კვლევის მიხედვით, YCM-ების შემთხვევები შესაძლოა, მთლიანი პოპულაციის მამაკაცების 2%-ის შემთხვევაში იყოს, ხოლო ოლიგოზოოსპერმიის ან აზოოსპერმიის მქონე მამაკაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 16%-ია. ამასთან, ევროპის ანდროლოგიის აკადემია (EAA) აღნიშნავს, რომ იგივე საკვლევ ჯგუფში (მთლიანი პოპულაციის მამაკაცები) შემთხვევების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია და 4000-დან 1 შემთხვევას (0,025%) შეადგენს.

ევროპის უროლოგთა ასოციაციის მიერ 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ YCM შემთხვევები აზოოსპერმიის მქონე პაციენტების 8-12%-სა და ოლიგოზოოსპერმიის მქონე პაციენტების 3-7%-ში გამოავლინა. გენეტიკური კვლევები ადასტურებს, რომ ნორმოსპერმიის (>15×106/მლ) მქონე მამაკაცებში YCM არ გვხვდება.

Y ქრომოსომის მიკროდელეციების კვლევის მნიშვნელობა და მკურნალობის მეთოდები

უნაყოფო მამაკაცების YCM-ზე სკრინინგი ის უმნიშვნელოვანესი კვლევაა, რომლის შედეგით შესაძლებელია, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (TESE, IVF, ICSI) გამოყენებით პაციენტის კლინიკური მართვის სწორი სტრატეგია დაიგეგმოს.

აღსანიშნავია, რომ მიკროდელეციებს შორის ყველაზე ხშირად AZFc-ია გამოვლენილი. ის მთლიანი დელეციების 60-80%-ს შეადგენს. ამავდროულად, AZFa და AZFb მიკროდელეციებისგან განსხვავებით, სწორედ AZFc-ის შემთხვევაში აქვს მამაკაცს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მეშვეობით ბიოლოგიური შვილის ყოლის ყველაზე მაღალი შანსი. AZFa-სა და AZFb-ის შემთხვევებში კი, ორსულობის დადგომის ალბათობა ძალიან დაბალია. შესაბამისად, YCM კვლევის შედეგებს მკურნალობის სწორი მიმართულებით განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

როდესაც მამაკაცს არაობსტრუქციული აზოოსპერმია (NOA) აქვს, მკურნალობის ოქროს სტანდარტად სათესლე ჯირკვლიდან ან სათესლე დანამატიდან მიკროქირურგიული ოპერაციით სპერმის ასპირაცია განიხილება. Y ქრომოსომის მიკროდელეციებისგან  გამოწვეული არაობსტრუქციული აზოოსპერმიის დროს სპერმის მოპოვების წარმატების მაჩვენებელი AZF-ის ამოჭრილ უბანზეა დამოკიდებული: კვლევების თანახმად, AZFc-ის დროს სპერმის მოპოვების შანსი 50-80%-ია, ხოლო AZFa-სა და AZFb-ის შემთხვევებში, სპერმის მოპოვებისა და კლინიკური გამოსავლის თვალსაზრისით, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. ამასთან, შესაძლოა, არსებობდეს AZF-ის რამდენიმე უბნის ერთდროული მიკროდელეციაც: მაგალითად AZFbc-ის ან AZFabc და პროგნოზი ამ შემთხვევებშიც არაკეთილსაიმედოა. პაციენტებში, რომლებსაც დელეციები AZFa, AZFb, AZFabc, ან AZFbc უბნებში აქვთ დადგენილი, არაეფექტური ქირურგიული ჩარევის აცილების მიზნით, სპერმის ქირურგიული ასპირაცია რეკომენდებული არ არის.

Y ქრომოსომის მიკროდელეციის კვლევის ჩვენებები

ევროპის ანდროლოგთა აკადემია და აშშ-ის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაცია YCM-ის კვლევის რეკომენდაციას უწევენ პაციენტებს, რომლებსაც მძიმე ოლიგოზოსპერმია და აზოოსპერმია აქვთ.

ოლიგოზოოსპერმია (სპერმატოზოიდების დაბალი კონცენტრაცია) — სპერმატოზოიდების კონცენტრაციის მაჩვენებლის ზღვარმა, რომელიც ანალიზის ჩატარების ჩვენებას განსაზღვრავს, ბოლო პერიოდში დაიწია. ადრეული მონაცემებით მიიჩნეოდა, რომ YCM ანალიზი 5×106/მლ და უფრო დაბალი სპერმის კონცენტრაციის მქონე მამაკაცებისთვის იყო რეკომენდებული, თუმცა უკანასკნელი კვლევებით, მიკროდელეციები 1×106/მლდან-5×106/მლ-მდე კონცენტრაციის მქონე მამაკაცების მხოლოდ 0,8%-ში აღმოჩნდა. ამგვარი დაბალი მაჩვენებლის გამო, ახალი სახელმძღვანელო წესებით, ეს ზღვარი 1×106/მლ-მდე შემცირდა.

არაობსტრუქციული აზოოსპერმია (NOA) — არაობსტრუქციული აზოოსპერმიის (NOA) ყოველი 4 შემთხვევიდან 1 გენეტიკურ დეფექტს უკავშირდება. ხშირად არაგენეტიკური არაობსტრუქციული აზოოსპერმიის გამომწვევი ფაქტორები კრიპტორქიზმი, ვარიკოცელე, ტესტიკურალური ნეოპლაზია და ჰორმონების დისბალანსია. მიუხედავად ამისა, არაობსტრუქციული აზოოსპერმიების საკმაოდ ბევრი შემთხვევა იდიოპათიურად რჩება. ფართო კვლევის საგანს წარმოადგენდა სათესლე ჯირკვლების უკმარისობის გენეტიკური საფუძველი, განსაკუთრებით კი მიკროდელეციები, რომლებიც Y ქრომოსომაშია წარმოდგენილი.

Y ქრომოსომის მიკროდელეციის მემკვიდრეობითი გადაცემა

მამაკაცებს, რომლებსაც AZFc დელეცია აქვთ, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების რეკომენდაცია ეძლევათ, თუმცა არსებობს კლინიკური ნაწილი, რომელიც დამატებით განხილვას საჭიროებს.

AZFc დელეციის მქონე მამაკაცის მამრობითი სქესის ყველა შვილი მემკვიდრეობით მამის Y ქრომოსომასა და მასზე არსებულ დელეციას მიიღებს. შესაბამისად, AZFc მქონე მამაკაცის ვაჟს მამის იდენტური, ან უფრო მძიმე ფორმის უნაყოფობა ექნება. AZFc შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ტერნერის სინდრომის (45, X0) მომატებულ რისკსა და გაურკვეველ გენიტალიასთან მამრობითი სქესის შთამომავლებში, ამიტომ დამატებით მამრობითი სქესის ახლო ნათესავების სკრინინგი და კარიოტიპირებაა რეკომენდებული. შესაბამისად, გენეტიკოსის კონსულტაცია აუცილებელია იმ მამაკაცებისთვის, რომლებსაც AZFc დელეცია უდგინდებათ.

მამაკაცებმა, რომლებიც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით (IVF) მკურნალობას გადაწყვეტენ, რეკომენდებულია ანეუპლოიდიებზე (PGT – A) ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი ჩაიტარონ, რათა გადასატანად მდედრობითი სქესის ემბრიონი შეარჩიონ და დელეციის მემკვიდრეობით გადაცემა აირიდონ, ან დონორის სპერმით ისარგებლონ.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *