რატომ უნდა ჩაიტაროთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტირება?

რა არის სქესობრივად გადამდები ინფექციები?

სქესობრივად გადამდები ინფექცია (დაავადება) ერთი ადამიანიდან მეორეს უპირატესად დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს გადაეცემა. სქესობრივი კონტაქტი შეიძლება იყოს ვაგინალური, ანალური ან ორალური. თუმცა, ამ ინფექციების გადაცემა ყოველთვის სქესობრივ კონტაქტს არ უკავშირდება. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ვრცელდება ინტიმურ არეებთან ფიზიკური შეხებით, ორსულობისას დედიდან ნაყოფზე,  მშობიარობისას, ნემსის მრავალჯერადი სარგებლობით (სხვადასხვა პირის მიერ), პირადი მოხმარების საგნების გამოყენებითა და სისხლის გადასხმით. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია: შიდსი, ქლამიდია, გენიტალური ჰერპესი, გენიტალური მეჭეჭები, გონორეა, სიფილისი, ჰეპატიტის ზოგიერთი ფორმა და ა.შ.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) ფართოდაა გავრცელებული. მათ 30-ზე მეტი სხვადასხვა ბაქტერია, ვირუსი და პარაზიტი იწვევს.

სგგიის სიმპტომები და გართულებები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების უმეტესობა უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული სიმპტომებით მიმდინარეობს. მაგალითად, გონოკოკური ან ქლამიდიური ინფექციების მქონე ქალების 70%-ს დაავადების არანაირი გამოვლენა არ აღენიშნება. თუმცა, არსებობს სიმპტომები, რომლებიც სავარაუდო სგგდ-იზე მიანიშნებს.

სიმპტომები ქალებში:

  • ქავილი ან წვა საშოს მიდამოში;
  • წყლულები, ბუშტუკები და სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ან მოშარდვისას;
  • ტკივილი მუცლის ქვემო არეში;
  • უჩვეულო გამონადენი საშოდან, ან უსიამოვნო სუნი;
  • ცხელება და ა.შ.

სიმპტომები მამაკაცებში:

  • ტკივილი ან წვა მოშარდვისას;
  • ასოდან თეთრი ან მოყვითალო გამონადენი;
  • წყლულები, ბუშტუკები, სხვა გამონაყარი ან კანის სხვა ცვლილებები ასოზე, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე;
  • სათესლე ჯირკვლების ტკივილი;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ან მოშარდვისას.

სგგი, მათ შორის უსიმპტომოდ მიმდინარეც, შემდგომ არაერთი გართულების მიზეზი ხდება:

  • 3-ჯერ ან მეტჯერ იზრდება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით(HIV) დაინფიცირების ალბათობა;
  • არანამკურნალები ინფექციები, მაგალითად, ქლამიდია და გონორეა შესაძლოა, უნაყოფობის მიზეზი გახდეს;
  • შესაძლოა, ინფექციები დედისგან ბავშვს გადაეცეს და შემდგომში სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზანი მათი გავრცელების მასშტაბის შემცირება, ინფექციის მიმდინარეობის დროის შემცირება და გართულებების თავიდან აცილებაა.

სგგიის პრევენცია

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების უმეტესობა უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული სიმპტომებით მიმდინარეობს. შესაბამისად, აუცილებელია, ადამიანმა, რომელსაც რეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს, სგგდ-ის ტესტი სულ მცირე წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს. თუმცა, თუ მას რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი ჰყავს,  ი/ვ ნარკოტიკის მომხმარებელია,  ან დაუცველი (კონდომის გარეშე) სქესობრივი ცხოვრება აქვს, შემოწმება  3-6 თვეში ერთხელაა რეკომენდებული. სგგდ-ის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება დაცული სქესობრივი კავშირია.

სგგი-ის დროული აღმოჩენა და სწორი მკურნალობა ინფექციის გავრცელებასა და გართულებების რისკს ამცირებს.