ბაქტერიული ვაგინოზი

bt_bb_section_bottom_section_coverage_image
  • დაავადების შესახებ
  • კვლევის შესახებ
  • პრევენცია

ბაქტერიული ვაგინოზი (Bacterial Vaginosis – BV) წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ ინფექციას, რომელიც გამოწვეულია ვაგინალური ფლორის ბუნებრივი ბალანსის დარღვევითა და პირობით პათოგენური ბაქტერიების ჭარბი ზრდით. ბაქტერიული ვაგინოზი ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალებში გვხვდება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, იგი ქალების 29.2%-ს აღენიშნება.

ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოსტირებისას ვაგინალური ფლორის შესწავლა კლინიკურად მნიშვნელოვანია, რადგან იგი საშოს ნორმალურ ფლორასა და პათოგენურ მიკროორგანიზმებს შორის თანაფარდობას განსაზღვრავს.

ამ თანაფარდობას მაღალი სიზუსტით ბაქტერიული ვაგინოზის საკვლევი Bacterial Vaginosis Real-TM Quant სარეაქციო ნაკრები გამოავლენს, რომელიც ვაგინალურ ბიოტოპში Gardnerella vaginalis-ს, Atopobium vaginae-სა და Lactobacillus spp-ს რაოდენობრივად განსაზღვრავს და, ამავდროულად, ბაქტერიების მთლიან რაოდენობასაც ასახავს.

ბაქტერიული ვაგინოზის Real-TM Quant ნაკრები საშუალებას იძლევა, ვაგინალურ ბიოტოპში განისაზღვროს ბაქტერიების საერთო რაოდენობა, შეფასდეს თანაფარდობა ლაქტობაცილებსა და სხვა ფაკულტატურ, ანაერობულ სახეობებს (Gardnerella vaginalis, Atopobium vaginae) შორის, რასაც მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

ინტრავაგინალური ჩარევები ბაქტერიული ვაგინოზის რისკს ზრდის, სწორედ ამიტომ ბაქტერიული ვაგინოზის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია:

  • უსუნო, არაარომატული ტამპონების, საფენებისა და რბილი საპნის გამოყენება;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ინფიცირების შესამცირებლად, დამცავი ლატექსის კონდომის გამოყენება.

ბაქტერიული ვაგინოზის რისკი ასევე იზრდება:

  • რამდენიმე ან ახალი სქესობრივი პარტნიორის ყოლისას;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო საშვილოსნოსშიდა საშუალებების გამოყენებისას;
  • დუშინგის დროს — საშოს გამორეცხვა წყლით ან გამწმენდი საშუალებებით.

ხშირად დასმული კითხვები

რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიულმა ვაგინოზმა?

ბაქტერიული ვაგინოზისთვის დამახასიათებელია შემდეგი გართულებები:

  • აღმავალი გზით ინფიცირების რისკის გაზრდა ისეთი გინეკოლოგიური ოპერაციების შემდეგ, როგორებიცაა ჰისტერექტომია და კიურეტაჟი;
  • მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოსა და ფალოპის მილების ინფექცია;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით (სგგი) დაავადების რისკის გაზრდა, როგორებიცაა გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიხომონიაზი, მიკოპლაზმოზი და აივ ინფექცია;
  • ბაქტერიულმა ვაგინოზმა შეიძლება, ნაადრევი მშობიარობა და მცირე ზომის ნაყოფი გამოიწვიოს.
რა სიმპტომები ახასიათებს ბაქტერიული ვაგინოზს?

ქალების 85%-ში ბაქტერიული ვაგინოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომები, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია:

  • თხელი, თეთრი, რუხი ან მომწვანო გამონადენი საშოდან;
  • ვაგინალური ქავილი, წვა;
  • გამონადენი არასასიამოვნო (თევზის) სუნით, რომელიც სქესობრივი აქტის შემდეგ ძლიერდება;
  • წვა შარდვის დროს.